ტელესერიალი


ტელესერიალი
1930-იან წლებში შეიქმნა ამერიკული კომერციული რადიო და სარეკლამო ინდუსტრიების მიერ. ამ ინდუსტრიების მიზანს დღის განმავლობაში სახლში მყოფი დიასახლისებისთვის პროდუქტების გასაღება წარმოადგენდა. ტელესერიალს ჰქონდა სარეკლამო დატვირთვა და უფრო ეფექტურად ანაცვლებდა რადიოსა და ჟურნალ გაზეთებში ქალებისთვის გამოყოფილი სვეტების ფორმატს. პროგრამის შემქმნელები ცდილობდნენ ისეთი ფიქციური სამყაროს შექმნას, რომელიც ქალებისთვის იქნებოდა ადვილად ამოსაცნობი, სასიამოვნო და მარტივად აღსაქმელი, რაც საშუალებას მისცემდა მათ პარალელურად დაელაგებინათ სახლი და მიეხედათ ბავშვებისთვის. ტელესერიალის ფიქციური სამყარო ხასიათდება გარკვეული ოპოზიციებისა და განსხვავებულობების სტრუქტურით. მაგ., ქალების სამყარო მოიაზრება როგორც პირადი, ოჯახურ კერასთან და სამეზობლოსთან დაკავშირებული, ლაპარაკის მოყვარული; მაშინ, როდესაც კაცების სამყაროს დამახასიათებელი ნიშან თვისებია: საზოგადოებრივი საქმით დაკავებული, სამუშაოში ჩართული, ქმედითუნარიანი, ინდივიდუალისტი. ტელესერიალებში მონაწილე ქალი პერსონაჟები თავიანთ ცხოვრებას აგებენ გარკვეული პრინციპების მიხედვით; ზემოთ მოყვანილი ოპოზიციების სტრუქტურა მათთვის გარკვეული გზამკვლევის როლს ასრულებს გენდერის განსაზღვრის პროცესში. ამავე დროს, ტელესერიალის ნარატიული თავისებურებები მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტელესერიალის სერიალური ფორმა. თემატიკა, თხრობის მრავალი ხაზი და გადაუჭრელი ნარატივები გავლენას ახდენს ქალი პერსონაჟების ტიპებზე. პროდუქტის შექმნის პროცესში, პროდიუსერები ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, თუ რა ტიპის მომხმარებელზეა მათი პროდუქტი ორიენტირებული და შესაბამისად, პროდუქტს (ამ შემთხვევაში ტელესერიალს) გარკვეული ფორმა ეძლევა. ტელესერიალის განმსაზღვრელი თავისებურებაა - ლაპარაკი/დიალოგი. ლაპარაკი კულტურის ჩარჩოებში მოიაზრება როგორც ფემინური და მოიცავს იმ უნარებისა და გაგების წესების გამოყენებას, რომელიც როგორც წესი ქალებს ახასიათებთ კონკრეტულ სოციალურ და ისტორიულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, დიალოგს ტელესერიალში ცენტრალური როლი ენიჭება. ტელესერიალის განუწყვეტელი სერიები მაყურებელს აიძულებს მუდმივად ადევნოს თვალი ამ სერიებს, ანუ დამოკიდებული გახადოს ამ სერიებზე. ეს კი რეკლამის მიმცემების, ინვესტორებისა და დომინანტი იდეოლოგიის ინტერესებში შედის. ტელესერიალი გადაიქცევა სამეზობლო სამყაროდ, მისი გმირები ცოცხლდებიან და მეზობლების სტატუსს იძენენ.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.